Quantcast
Channel: მთავარი – Barcelonisimo's Blog
Viewing all articles
Browse latest Browse all 30

სოფლელები და ქალაქელები

$
0
0

სვანეთი

მეტი გზა არ მაქვს, ამ გაცვეთილ თემასაც უნდა შევეხო… არავისთვის არაა ახალი, რომ სიტყვა “სოფლელი” ჩვენში ლამის სალანძღავადაა ქცეული. ლამის კი არა, თუ ვინმე არ მოსწონთ ე.წ. თბილისელ “სვეტსკებს”, ასეც ამკობენ ხოლმე.

Facebook-ზე არაერთი გვერდი თუ ჯგუფია, სადაც ჯგუფის წევრები მათი აზრით “ჩამოსულების” თუ უარესი – “ჩამოთრეულების” ფოტოებს დებენ, ხითხითებენ და არიან ერთ ამბავში… კი, არის ბევრი ფოტო, რომელიც ჯობდა, სულ არ გამოეჩინა პატრონს, მაგრამ უმეტესობას არაფერს არ აქვს დასაცინი. ან რატომ უნდა დასცინო, უბრალოდ ჩაცმულ, თუნდაც არც თუ ისე დახვეწილი გემოვნების მქონე მოზარდს?… თუ რადგან რაიონში ცხოვრობს, არ აქვს უფლება, ფოტო გადაიღოს, ან “ფეისბუქზე” დარეგისტრირდეს??? თუკი “ოდნოკლასნიკი” აქვს დღემდე, უარესი დაცინვის ობიექტი ხდება. ნეტავ სად იჯდა ამდენი ხალხი, 24 საათი, “ფეისბუქის” გამოჩენამდე, ხომ არ იცით? Smile

არადა, რომ იცოდეთ, სოფელში, რაიონში გაზრდილი ბავშვებს უფრო სუფთა სამყარო აქვთ, უფრო უკეთაც სწავლობენ, თუ გაინტერესებთ და საერთოდ, ბევრად სჯობიან ასეთ “სვეტსკებს” თუ “ძერსკებს”… Smile ნეტავ ამ ხალხს სარკეში ჩაახედა საერთოდ, ერთმანეთს რომ ჰგვანან წვეთი წყალივით, ერთნაირი მაკიაძი, ვარცხნილობა, ჩაცმულობა… ამ დროს კი რომ ჰკითხოთ “ფეშენ სასტავია” და ბოლო ტენდენციებს მისდევენ ფეხდაფეხ… Smile

ძალიან ხშირად, კუთხური კილოსა და გამოთქმის გამო დასცინიან რაიონებში და სოფლებში მაცხოვრებელ ხალხს. ნეტავ, ცოტა მაინც ხვდებოდნენ, რა საშინლად ისმის ამათი “თფილი”, “ხვთები”, “ზიან”, “გადავწყვიტავ”, “ეხა” და ა.შ. ამასთან, სწორედ ესაა ჩვენი კუთხეებისათვის დამახასიათებელი და ლამაზი, მადლიანი კახური კილო თუ არ გავიგე კახეთში, თბილი იმერული იმერეთში, ხუმრობანარევი გურიაში, რაღაცნაირი გულჩათხრობილი სვანეთში, ბავშვური რაჭაში (რაჭველები ხომ ყველა სიტყვაში გეფერებიან), განსხვავებული და ამოუცნობი სამეგრელოში, მთების ექო და გამოძახილი ფშავ-ხევსურეთსა და თუშეთში – ასეთი კუთხე რა კუთხეა… თავად თბილისი და საქართველო, სოფლის გარეშე რა იქნებოდა? არაფერი!…

ოდესღაც აკაკი წერეთელმაც “დაუწუნა” ენა ვაჟა-ფშაველას: “ენას გიწუნებ ფშაველოო” და იქვე დაამატა: “თუმც კი გვითესავ მარგალიტს, მკითხველიც იმას მკისაო”. მაგრამ ის აკაკი წერეთელი იყო და საბოლოო ჯამში, ვაჟას კუთხურ ენას მარგალიტი უწოდა და ასეცაა – დიადია ვაჟას შემოქმედება… თუმცა, ამ ადამიანებმა ალბათ არც ვაჟა იციან, არც აკაკი, არც ილია და საერთოდ, მანველიძის “მგლებს” ვერ გასცდნენ, შეგნებით და ლიტერატურული გემოვნების დონით… Disappointed smile სამაგიეროდ, შეუძლიათ შევიდნენ youtube-ზე, ან facebook-ზე და წერონ ათასგვარი დამამცირებელი, დამცინავი კომენტარი, სადაც პირველ რიგში თავიანთ დაბალ დონეს, უინტელექტობას, გაუნათლებლობას ავლენენ…

ასეთ ხალხს ერთი ბანალური ფრაზა უნდა ვუთხრა: თავის დროზე (და სავარაუდოდ, არც თუ ისე დიდი ხნის წინ), თქვენი მშობლებიც ჩამოვიდნენ აქ, ან მათი პაპა-ბებიები, მაქსიმუმ. მათთვის, მაშინ რომ ვინმეს ეთქვა, სად მოდიხარ “ჩამოთრეულოო” და იძულებული გაეხადა, უკან წასულიყვნენ, დღეს თქვენც ისეთივე სოფლელები იქნებოდით, როგორც სხვები… Winking smile

როგორც ცნობილია, პირველი თბილისელი ის ხოხობი იყო, გორგასალმა რომ ესროლა ისარი და მისი შთამომავლები არც ერთი არ ვართ, მაგრამ არიან აქ ძირძველი თბილისელები, რომელთა წინაპრები როდის დასახლდნენ თბილისში, არავის ახსოვს. ასეთი ხალხი  კოლორიტია ამ ქალაქის, ისინი გამოირჩევიან მართლაც დახვეწილი მეტყველებით ( არა ისეთით, როგორც ზევით აღვწერე) და ეს ადამიანები პატივს სცემენ სოფელს და სოფლელებს. არასოდეს არ უყურებენ ვინმეს ზემოდან. დანარჩენი “თბილისელების” საქმე კი ისეა – უანახვმა რა ნახაო… ეს ადამიანები არად აგდებენ სხვის ღირსებას, რადგან თავად არ გააჩნიათ საკუთარი. ნეტავ ერთი საათით მანახა ეს ხალხი სოფელში, როგორ გაუძლბდნენ იქაურ პირობებს და როგორ მოახერხებდნენ მერე, ვარცხნილობის გაკეთებას, ტონალური კრემის წასმას და ა.შ. …. Smile

კიდევ ბევრი რამ შეიძლება ამ თემაზე ითქვას, მაგრამ აღარ მინდა… უბრალოდ დავამატებდი, რომ გიყვარდეთ ადამიანი, მისი პიროვნების გამო, მისი ადამიანობის გამო და არა სამოსი, ან აქსესუარები მასზე და ან მისი საცხოვრებელი ადგილი… როცა ერთი მეორეს დასცინის, ამით საკუთარ კომპლექსებს მალავს და რაც უფრო ხშირად დასცინის, რაც უფრო მწარედ, მით უფრო აწუხებს ეს კომპლექსები… ასე, რომ დასკვნები თქვენთვის მომინდვია… არავინ არაა, სხვაზე მეტი, ნივთების ან ფულის გამო. დროა, ბევრმა გაიაზროს ეს. მაპატიეთ, თუ ცოტა სუსხიანი პოსტი გამოვიდა და ცოტა არეულიც, მაგრამ თბილისში დაბადებულ-გაზრდილ ადამიანს მაქვს ამის წერის უფლება, ასე მგონია, რადგან კარგად ვიცი, სოფლის ფასი და ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი, სადაც არის ჩემი ფესვები და რომელიც უდიდეს ძალას მაძლევს, ყოველი ჩასვლისას … Smile


Filed under: მთავარი, პირადი ჩანაწერები

Viewing all articles
Browse latest Browse all 30

Trending Articles